ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრის თვეში საინტერესო გარიგებების მოლოდინში ვართ. მომდევნო თვეში რამდენიმე ქართული ტრანსფერიც მოსალოდნელია და ამ სტატიაშიც სწორედ ეროვნული ნაკრებისა და უდინეზეს ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის შესახებ მოგიყვებით.
როგორც უდინეზესთან დაახლოებული წყაროები წერენ, კლუბში მზად არიან 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზება განიხილონ, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარში ქართველმა ფეხბურთელმა შესაძლოა უდინური გუნდი იჯარის წესით ან პირდაპირი ტრანსფერით დატოვოს.
საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და ახალ გუნდში დიდ სათამაშო დროსაც იღებდა, თუმცა მას შემდეგ სიტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა და ბოლო ორ თვეში ქართელმა ფეხბურთელმა უდინეზეს მაისურით მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ისიც 1 წუთი ნაპოლისთან.
როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელის გეგმებში საბა გოგლიჩიძე ნაკლებად შედის, შესაბამისად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ქართველი ფეხბურთელის სხვა გუნდში ტრანსფერი ვიხილოთ. უახლოეს დღეებში 21 წლის მოთამაშის შესახებ წესით და რიგით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













