დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ინტერი და მანჩესტერ იუნაიტედი იტალიელი კიპერით ინტერესდებიან და თუ ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ორივე გუნდი მზადაა იტალიელს საკმაოდ სოლიდური კონტრაქტი შესთავაზოს. ინტერი იან ზომერის პოტენციურ შემცვლელს ეძებს, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედი ახალ მეორე ნომერს, რომელიც ანდრე ონანას კონკურენციას გაუწევს. ამ გუნდების წარმომადგენლები მერეტის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.
იტალიელი მეკარე და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე ხელფასის გამო ვერ თანხმდებიან — ფეხბურთელის აგენტი საკმაოდ დიდ ხელფასსა და საკომისიოს ითხოვს, რაც აურელიო დე ლაურენტისისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. უახლოეს პერიოდში მხარეები შეთანხმებას თუ ვერ მოახერხებენ, ინტერისა და მანჩესტერ იუნაიტედის გარდა, სხვა გუნდებიც გააქტიურდებიან. მერეტს ახალ გუნდთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება 2025 წლის 1 იანვრიდან შეუძლია.
ანტონიო კონტესთვის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრია. 27 წლის მეკარის ანგარიშზე ამ სეზონში 12 ჩატარებული მატჩია, საიდანაც 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

















