ბარსელონაში ზაფხულის გეგმები თავიდან ბოლომდე აირია — მას შემდეგ, რაც ნიკო უილიამსმა კატალონიელებს უარი განუცხადა და ბილბაოში დარჩენა გადაწყვიტა, დეკუსა და ჰანსი ფლიკის გეგმები თავდაყირა დადგა. კლუბში ფიქრობდნენ, რომ 22 წლის ესპანელი ვინგერის გაფორმებას აუცილებლად შეძლებდნენ, თუმცა უილიამსმა მშობლიურ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა, შესაბამისად, ბარსელონა გეგმა B-ზე გადაერთო.
დეკუს ორი მთავარი სამიზნე ცნობილია: ლუის დიასი და მარკუს რაშფორდი.
კატალონიური კლუბი ამ ორი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს უკვე რამდენიმე თვეა, რაც იჩენს. მეტიც, ბარსელონა მარკუს რაშფორდის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც კი ცდილობდა. როგორც ცნობილი გახდა, 27 წლის ინგლისელი ასტონ ვილაში არ დარჩა და უკან, მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა, თუმცა, მისი ოლდ ტრაფორდზე დარჩენა გამორიცხულია. მარკუს რაშფორდის სატრანსფერო ფასი დაახლოებით €45-50 მილიონია, თუმცა ბარსელონა ინგლისელის დამატებას მხოლოდ იჯარით განიხილავს.
რაც შეეხება ლუის დიასს, ლივერპულს ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა ამის მიუხედავად, ბარსელონა პირველ ოფიციალურ შეთავაზებას მაინც ამზადებს. დეკუ როგორც რაშფორდის, ისე ლუის დიასის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზეა. როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, ლუის დიასი ჟოან ლაპორტას ფავორიტი კანდიდატურაა, სწორედ ამიტომ კოლუმბიელი ვინგერი კლუბის მთავარი სამიზნეა.
უახლოეს კვირებში რაშფორდისა და ლუის დიასის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ბარსელონაში სხვა შემტევებსაც ყურადღებით აკვირდებიან — დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჟოან ლაპორტას რაფა ლეაოს კანდიდატურაც ძალიან მოსწონს, თუმცა მისი დამატება საკმაოდ რთული იქნება.













