პიერ-ემერიკ ობამეიანგის ისტორია საუდის არაბეთში დასრულდა. გამოცდილმა გაბონელმა ფეხბურთელმა ალ ქადსიასთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. იმის მიუხედავად, რომ 36 წლის ფეხბურთელს საუდის არაბეთიდან სხვა ვარიანტებიც ჰქონდა, ობამეიანგმა ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა.
გაბონელი ფორვარდი კარიერას მარსელში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, ფეხბურთელს საფრანგეთში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ობამეიანგი ალ ქადსიას ღირსებას ერთი წლის განმავლობაში იცავდა. გაბონელმა ამ დროში 36 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ, ფეხბურთელის ბოლო ევროპული გუნდი სწორედ მარსელი იყო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ფრანგული კლუბი 36 წლის ვეტერან ფორვარდს მომდევნო კვირის დასაწყისში ოფიციალურად წარადგენს.













