ოფიციალურად — გიორგი აბუაშვილი მეცის ფეხბურთელია. ფრანგულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. მეცსა და ფოთის კოლხეთს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. ფრანგულ კლუბს სეზონის ბოლოს 22 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სენტ-ეტიენი და გენგამიც იჩენდნენ, თუმცა ყველას ლიგა 1-ში დაბრუნებულმა მეცმა აჯობა. შეგახსენებთ, ფრანგულმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ გიორგი წიტაიშვილიც დაიმატა.
გიორგი აბუაშვილი ფოთის კოლხეთში 2024 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ დროში 55 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













