ოფიციალურად — გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა 24 წლის ქართველი ფორვარდის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბებს შორის კი დაახლოებით €30 მილიონიანი გარიგება შედგა.
იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიონის დატოვება არ სურდა, ფინანსური პრობლემების გამო, ფრანგულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი მაინც გაყიდა. განიხილებოდა ბრენტფორდის, ბარნლისა და ნეომის ვარიანტებიც, თუმცა ყველას ლა ლიგის კლუბმა აჯობა და გარიგებაც დაიხურა.
გიორგი მიქაუტაძე ლიონის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 49 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 18 გოლი და 11 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













