სერხი რობერტო ბარსელონას აკადემიაში 2006 წელს აღმოჩნდა და 2013 წლამდე, ყველა ასაკობრივ გუნდში მოასწრო თამაში. შემდეგ იყო მთავარ გუნდში დაწინაურება, სადაც ფეხბურთელმა ადგილი მალევე დაიმკვიდრა. იმის მიუხედავად, რომ ესპანელი მუდმივი სასტარტო შემადგენლობის წევრი არასდროს ყოფილა, გუნდში მისი ყოფნა ყველა მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 22 საკლუბო ტიტული, 479 თამაში, 26 გატანილი გოლი და 46 საგოლე გადაცემა... ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება სერხი რობერტო ბარსელონას.
32 წლის ესპანელის დამატების სურვილი რამდენიმე კლუბმა უკვე გამოთქვა — საქმეში აიაქსი, რომა, ფიორენტინა, კომო და სევილია არიან. უახლოეს დღეებში, სერხი რობერტოს მომავალთან დაკავშირებით უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ.













