ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღით ადრე, ფრანგული მედია გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ვილიარეალი და ბრენტფორდი ქართველი ფორვარდით სერიოზულად ინტერესდებიან და როგორც ერთი, ისე მეორე კლუბიც პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
24 წლის ფორვარდს ლიონის დატოვება არ სურს, ეს ინფორმაცია უკვე ბევრჯერ დადასტურდა, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეიძლება ყველაფერი მოხდეს. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფინანსური პრობლემების გამო ლიონისთვის ხელშეუხებელი არავინაა — ყველა მოთამაშეს თავისი სატრანსფერო ფასი აქვს, შესაბამისად, ზემოხსენებული კლუბებიდან რომელიმე €30-35 მილიონს მაინც თუ გადაიხდის, ფრანგული კლუბი ქართველი ფორვარდის ტრანსფერს არ დაბლოკავს.
დარჩენილ 5 დღეში გიორგი მიქაუტაძის სხვა გუნდში ტრანსფერი შედგება თუ არა დიდწილად მაინც ქართველ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ჟორჟი ლიონში თავს ძალიან კარგად გრძნობს და გუნდის დატოვება არ სურს, სწორედ ამიტომ, მისი ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება. უახლოეს საათებში, ლიონის 69-ნომრის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













