ლუის ენრიკე იტალიელ ფეხბურთელს დიდად აღარ ენდობა. ბოლო პერიოდში ხშირად იყო ისეთი მომენტი, როდესაც ჯანლუიჯი დონარუმა სკამზე დარჩა, მის ადგილას კი მატვეი საფონოვი ვიხილეთ. რუსი მეკარე გუნდმა ზაფხულში დაიმატა, თანაც საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ. უფროსობამ საფონოვი გუნდში როტაციის ფეხბურთელად მოიყვანა, თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დიდი შანსია, სწორედ ის გახდეს პსჟ-ს პირველი ნომერი.
პარიზულ კლუბში ჯანლუიჯი დონარუმას პერფორმანსით დიდად კმაყოფილი არ არიან. პრობლემაა მისი კონტრაქტიც, რადგან პსჟ ფეხბურთელს წელიწადში დაახლოებით €10 მილიონს უხდის, რაც ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კიდევ უფრო ართულებს — 25 წლის მეკარის წარმომადგენლები ხელფასის შემცირებაზე თანახმა არ არიან.
ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი იტალიურ გუნდებს უკვე დაუკავშირეს — როგორც ნაპოლის, ისე ინტერს, ზაფხულში დიდი შანსია, ახალი პირველი ნომერი დასჭირდეს, შესაბამისად, 25 წლის მეკარის კანდიდატურა ორივე გუნდისთვის მისაღები უნდა იყოს. ვინაიდან ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი არც ისე დიდი იქნება.
იტალიელი მეკარე პსჟ-ს ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ დროში ჯიჯომ პარიზული გუნდის მაისურით 126 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კარის მშრალად შენახვა კი 41-ჯერ მოახერხა.














