პარი სენ-ჟერმენი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. ლუის ერნიკე და ლუიშ კამპუში შემადგენლობის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავენ, შესაბამისად, პარიზულ კლუბს წინ საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
როგორც რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ, პარი სენ-ჟერმენისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი დაცვის გაძლიერება იქნება. განიხილება კრისტიან მოსკერასა და ჟოელ ორდონეზის კანდიდატურები, თუმცა ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ პარიზული კლუბი ილია ზაბარნის ტრანსფერზე მუშაობს!
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ბორნმუთის ერთ-ერთი ლიდერი პსჟ-ს მთავარი სამიზნეა — ლუიშ კამპუში ამ გარიგებაზე უკვე რამდენიმე დღეა, რაც მუშაობს. როგორც ირკვევა, 22 წლის ფეხბურთელს ბორნმუთის დატოვება და კარიერის პსჟ-ში გაგრძელება სურს.
უახლოეს დღეებში ფრანგული კლუბი უკრაინელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. ბორნმუთი ილია ზაბარნის მინიმუმ €50 მილიონად აფასებს. მომდევნო დღეებში ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













