პარის სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას გადმობირებას ცდილობს. La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ვინჩენცო დ'ანგელო, რომელიც ამ თემაზე მუშაობს, ქართველი ვინგერის გარშემო არსებულ სიტუაციას შემდეგნაირად აღწერს:
"პარის სენ-ჟერმენს კვარაცხელიას გაფორმება სურს, რაც შეიძლება მალე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. ამ ყველაფრის მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე დედაქალაქური გუნდის წარუმატებელი გამოსვლა არის. კილიან მბაპეს მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ, პსჟ-ს შეტევაში ლიდერი პრაქტიკულად აღარ ჰყავს.
რაც შეეხება ხვიჩას, ის არასდროს ივიწყებდა პარიზულ გუნდს, რომელიც მის გადმობირებას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ცდილობდა. რეალურად, ის ახლოს იყო "ლურჯ-წითლებში" გადასვლასთან, იქამდე სანამ ანტონიო კონტეს მტკიცე უარს არ მოისმენდა. გავიდა დრო და ქართველი ვინგერი ნაპოლისთვის ხელშეუხებელი მოთამაშე აღარ არის.
ამ ყველაფერს ხელი შეუწყო დავიდ ნერეშმაც, რომელიც "პარტენოპეიში" ძალიან კარგად ათამაშდა. არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებამდე არასდროს მისულა. "ლურჯების" ვინგერის სახელს ლუის ენრიკეს გუნდს უკავშირებდნენ წინა თვეებშიც და ახლა, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ სატრანსფერო საგა იანვარშივე დასრულდეს.
ფაქტია, რომ "აძური" არ არის 24 წლის გარემარბის გაყიდვის წინააღმდეგი და პარკ დე პრენსზე გადასვლა სურს თავად ფეხბურთელსაც. დარჩენილია მხოლოდ ერთი დეტალი: სატრანსფერო ფასი. პარის სენ-ჟერმენს მარადონას ბინადრების 77-ე ნომრის სანაცვლოდ 80-90 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ასევე, კონტეს თავისი კლუბისგან გარანტიები სჭირდება.
ანტონიოს სურს დარწმუნდეს იმაში, რომ კვარაცხელიას ტრანსფერით მიღებული ფულით ვიხილავთ ახალ, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ ნაპოლის. არაა გამორიცხული, რომ ხვიჩას გაყიდვის შემდეგ, "პარტენოპეიმ" მალევე იყიდოს ორი ტოპ კლასის შემტევი".















