ვალენსია, რომ გიორგი ჩაკვეტაძით ინტერესდება, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ, თუმცა მას შემდეგ ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლე აღარ ყოფილა.
ცნობილია ვალენსიას პოზიცია ქართველი ფეხბურთელის თაობაზე — კარლოს კორბერანს 25 წლის ნახევარმცველის დამატება კვლავ სურს, თუმცა კლუბის ფინანსური პრობლემების ფონზე, ამ გარიგების განხორციელება ამ მომენტისთვის შეუძლებელია.
ცნობილია რა შემთხვევაში მიუბრუნდება ვალენსია გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურას
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდს ანდრე ალმეიდა ან უგო გუილამონი თუ დატოვებს, "ღამურები" გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებენ. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ესპანური კლუბი ქართველი ფეხბურთელის დამატებას 1 სექტემბრამდე კვლავ შეეცდება, თუმცა რამდენად გამოუვათ ეს, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ უოტფორდი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €15-20 მილიონად აფასებს.
ამასობაში, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და ჩემპიონშიპის პირველ ტურში თუ არა, მეორე მატჩში უოტფორდის დახმარებას აუცილებლად შეძლებს.













