ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 26 დღეა დარჩენილი, ფრანგული პრესა კი პარი სენ-ჟერმენის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ბრედლი ბარკოლამ შესაძლოა პარიზული კლუბი 1 სექტემბრამდე დატოვოს და ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს. დიახ, გავლენიანი გამოცემები ამ ინფორმაციას ადასტურებენ და იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც შეიძლება ფრანგმა ფეხბურთელმა გუნდიდან წასვლა მოინდომოს.
რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს ბრედლი ბარკოლამ პსჟ?
პირველი მიზეზი დიდი სათამაშო დროის არქონაა. ბრედლი ბარკოლა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს არც ისე კარგად შეხვდა, ამაზე არაერთი სტატია დაგვიწერია და ფაქტია, სიტუაცია ამ დრომდე არ შეცვლილა. ლუის ენრიკესთვის ქართველი ფეხბურთელი მყარი სასტარტო შემადგენლობის წევრია, ხოლო ფრანგ ვინგერს წინა სეზონში ძირითადად როტაციაში ვხედავდით.
იმის მიუხედავად, რომ ესპანელი სპეციალისტი ბრედლი ბარკოლას ყოველთვის აქებს, სიტუაცია მაინც რთულადაა და თუ ფეხბურთელმა პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა მოინდომა, ნასერ ალ-ხელაიფის ფრანგის გაყიდვა მოუწევს.
მეორე მიზეზი დაინტერესებული კლუბებია. თუ რომელიმე ტოპ კლუბი ბრედლი ბარკოლას შეძენას შეეცდება, ფრანგი შემტევი პოტენციურ ტრანსფერზე აუცილებლად დაფიქრდება. ივლისის თვეში ფეხბურთელის შეძენას ბაიერნი ცდილობდა, თუმცა გერმანელებისთვის ბარკოლას შეძენა სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ახლა კი როგორც ირკვევა, ფეხბურთელით ლივერპული ინტერესდება, თანაც ინტერესი საკმაოდ სერიოზულია. არნე სლოტის გუნდი ახალ შემტევს ეძებს და იმის მიუხედავად, რომ ალექსანდერ ისაკი #1 სამიზნეა, კლუბში სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ. მერსისაიდულ კლუბსა და ბარკოლას წარმომადგენლებს შორის პირველი კონტაქტი რამდენიმე დღის წინ შედგა.
ახლა რაც შეეხება ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს — პარი სენ-ჟერმენი ბრედლი ბარკოლას მინიმუმ €100 მილიონად აფასებს. ამ მომენტისთვის, ფრანგულ კლუბს 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზება არ მიუღია, თუმცა დიდი შანსია სიტუაცია უახლოეს დღეებში შეიცვალოს. ერთი რამ ფაქტია, ფრანგი ვინგერის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია და მის თაობაზე ნებისმიერ მომენტში სიახლეებს ველოდებით.













