ფრანგული მარსელის ოფიციალური გვერდი საკმაოდ სენსაციურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მთავარმა მწვრთნელმა ერთ-ერთი ლიდერი ადრიენ რაბიო და ახალგაზრდა ფორვარდი ჯონათან როუ გუნდიდან ოფიციალურად მოკვეთა. დიახ, რობერტო დე ძერბის გადაწყვეტილებით, ეს ფეხბურთელები მარსელში თამაშს ვეღარ გააგრძელებენ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდს 100% დატოვებენ.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი ლიგა 1-ის ახალი სეზონის გახსნით მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ დაწყებული კონფლიქტია, სადაც სწორედ ფრანგი და ინგლისელი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. როგორც გაირკვა, რაბიომ და როუმ მატჩის შემდეგ გასახდელში იჩხუბეს, მეტიც, მათი გაშველება ფეხბურთელებმა და სტაფის წევრებმა ძლივს მოახერხეს.
გასახდელში მომხდარი საკმაოდ მძიმე დაპირისპირების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ფეხბურთელების გუნდიდან მოკვეთა გადაწყვიტა. უახლოეს დღეებში, როგორც რაბიოს, ისე როუს პოტენიცურ ტრანსფერზეც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ფეხბურთელების აგენტები ახალ კლუბებს უკვე ეძებენ.













