ლიონს ამ სეზონში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს — ამ სიაშია გიორგი მიქაუტაძეც, თუმცა ამ სტატიაში ქართველი ფორვარდის შესახებ არ ვისაუბრებთ, არამედ მოგიყვებით მისი თანაგუნდელის რაიან შერკის ზაფხულის გეგმებსა და პოტენციურ ტრანსფერზე.
21 წლის ფეხბურთელს, რომ ლიონის დატოვება სურს, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უკვე გაცნობეთ. სიტუაცია არც ახლა შეცვლილა, დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს. ლიონის უფროსობა იმ ფაქტს შეგუებულია, რომ სეზონის ბოლოს შერკი გუნდს დატოვებს.
ვინ განიხილავს რაიან შერკის დამატებას?
ამ კითხვაზე მარტივი პასუხი გვაქვს — ნახევარი ევროპა! დიახ, გუნდები ყველა ჩემპიონატიდან რაიან შერკის დამატებას შეეცდებიან. ბაიერნი, ლევერკუზენი, დორტმუნდი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, პსჟ, იუვენტუსი, ატლეტიკო მადრიდი - ყველა ამ გუნდის ინტერესი რეალური და დადასტურებულია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია რომ სხვა გუნდებიც გააქტიურდებიან.
ლიონი რაიან შერკის დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებს, რაც ასეთი დონის ტალანტისთვის საკმაოდ დაბალი ფასია. ზაფხულში ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდი აუქციონია მოსალოდნელი.













