რეალ მადრიდს საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. ჩაბი ალონსოს გუნდში მისვლის შემდეგ, სამეფო კლუბმა არც მეტი, არც ნაკლები €167.5 მილიონი დახარჯა და შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა.
ამ სტატიაში ახალწვეულებზე არ ვისაუბრებთ, არამედ იმ ფეხბურთელების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც 2026 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან.
დავიდ ალაბასა და ანტონიო რუდიგერს კლუბთან არსებული კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ, შესაბამისად, მათ თაობაზე კლუბში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. როგორც ირკვევა, ფლორენტინო პერესი 33 წლის ავსტრიელ მცველს ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებს და კლუბი გამოცდილ ფეხბურთელს ზაფხულში შეელევა. ხოლო რაც შეეხება 32 წლის გერმანელს, ჩაბი ალონსოს ანტონიო რუდიგერის შენარჩუნება სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას მალე დაიწყებენ.
და ბოლოს, კიდევ ერთი გამოცდილი კადრი, რომელიც ზაფხულში ასევე თავისუფალი აგენტი ხდება — დანი კარვახალის თაობაზე კლუბში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ასევე უცნობია, რა გეგმები აქვს თავად 33 წლის ესპანელ განაპირა მცველსაც, შესაბამისად, მისი საკითხი დიდი ალბათობით მომავალ წელს გადაწყდება.













