იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე სეზონის მხოლოდ 1/3 არის გასული, პრემიერ ლიგის ტოპ კლუბები მომდევნო წელზე უკვე ფიქრობენ და პოტენციურ სატრანსფერო სამიზნეებზე მუშაობას ნელ-ნელა იწყებენ. ამ სიაშია მანჩესტერ სიტიც, რომელსაც წესით და რიგით დატვირთული 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ექნება.
პეპ გვარდიოლა რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, საიდანაც ერთ-ერთი აუცილებლად ცენტრალური ნახევარმცველი იქნება. სეზონის ბოლოს დიდი შანსია გუნდი ბერნარდუ სილვამ დატოვოს, ხოლო ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერმა ბევრის აზრით ვერ გაამართლა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქალაქელები" ახალ 8-ნომერს აუცილებლად დაიმატებენ.
გავლენიან ბრიტანულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, "ქალაქელების" მთავარი სამიზნე უკვე ცნობილია, მისი სახელი კი ელიოტ ანდერსონია!
პეპ გვარდიოლას ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ნოტინგემ ფორესტის ცენტრალური ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და დიდი ალბათობით მანჩესტერ სიტის #1 სამიზნეც სწორედ ის იქნება.
ელიოტ ანდერსონი ნოტინგემ ფორესტის უდავო ლიდერია და ამ სეზონში, მთლიანად პრემიერ ლიგაში, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოც არის, სწორედ ამიტომ მისი ყიდვა არც ერთი კლუბისთვის მარტივი არ იქნება. 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით £80/100 მილიონია და ამის შესახებ მანჩესტერ სიტიში კარგად იციან.
მანჩესტერული კლუბის გარდა მოსალოდნელია, რომ ელიოტ ანდერსონის დამატებას სხვა ტოპ კლუბებიც შეეცდებიან, შესაბამისად, 2026 წლის დადგომასთან ერთად, ინგლისელი ნახევარმცველის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













