როგორც რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ, როდრიგოს მადრიდული ისტორია შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დასრულდეს. ჩაბი ალონსომ ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვას მწვანე შუქი უკვე აუნთო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამეფო კლუბი 24 წლის ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.
ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად არსენალი აქტიურობს. მიკელ არტეტას როდრიგოს დამატება ძალიან სურს, თუმცა ლონდონურ კლუბს შეთავაზება ამ დრომდე არ გაუკეთებია, რადგან მათთვის ახლა სხვა ფეხბურთელების დამატება უფრო პრიორიტეტულია.
როგორც ახლა ირკვევა, საქმეში პსჟ, მანჩესტერ სიტი და ალ ნასრიც არიან. სამივე კლუბის წარმომადგენლებმა როდრიგოს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მოითხოვეს. როგორც ჩანს ბრაზილიელის დამატების სურვილი ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ კლუბს უჩნდება.
24 წლის ფეხბურთელს რეალ მადრიდთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი მინიმუმ €80 მილიონია. უახლოეს დღეებში დიდი შანსია როდრიგოს მიმართ სხვა კლუბების ინტერესიც დადასტურდეს.













