სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ, საბა საზონოვი მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. როგორც ირკვევა, ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე საათის წინ სეზონისწინა სამედიცინო შემოწმება გაიარა, სადაც გამოჩნდა, რომ მენისკის ტრავმაზე რეაბილიტაციის კურსმა კარგად იმოქმედა. 23 წლის ცენტრალური მცველი უახლოეს დღეებში ტორინოსთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.
რაც შეეხება ახალგაზრდა მცველის პოტენციურ ტრანსფერს — ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი როგორც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ისე ტურნირის დასრულების შემდეგაც იჩენდა, თუმცა სლოვაკეთში მიღებულმა ტრავმამ, პოტენციური ტრანსფერი დროებით გამორიცხა.
ტორინოში ქართველი ფეხბურთელი ხელშეუხებელი ნამდვილად არაა. როგორც ირკვევა, კლუბში მის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობენ. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ბარონი საბა საზონოვს პრე-სეზონზე დააკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ქართველი ცენტრალური მცველი გუნდში დარჩება თუ არა. შეგახსენებთ, 23 წლის ფეხბურთელს ტურინულ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.













