დადასტურებულად — რაიან შერკი ლიონიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს. ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ საბოლოოდ დადასტურდა. ფეხბურთელს ინგლისში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მანჩესტერ სიტიმ რაიან შერკის სანაცვლოდ €42.5 მილიონი გადაიხადა, ხოლო თავად ფეხბურთელისთვის 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. პეპ გავრდიოლამ ფრანგი ფეხბრუთელის ტრანსფერი რამდენიმე თვის წინ მოითხოვა, კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა უგო ვიანამ კი გარიგება საკმაოდ მარტივად დახურა. იმის მიუხედავად, რომ რაიან შერკის თაობაზე ბევრი კლუბი აქტიურობდა, სიტიმ ეს ტრანსფერი მაინც უპრობლემოდ განახორციელა. შეგახსენებთ, მანჩესტერ სიტიმ რაიან შერკის გარდა ტიჯანი რეიდნერსისა და რაიან ეიტ-ნურის გარიგებებიც დახურა.
რაიან შერკი ლიონის აკადემიის აღზრდილია, 2020 წლიდან მოყოლებული კი პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ამ დროში 185 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 29 გოლი და 45 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ფეხბურთელი მანჩესტერ სიტისთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს.













