რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ჯეიმს ტრაფორდი ბარნლიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს. მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 22 წლის ახალგაზრდა მეკარეს მანჩესტერში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მანჩესტერ სიტი ჯეიმს ტრაფორდის სანაცვლოდ £27 მილიონს გადაიხდის..
ჯეიმს ტრაფორდის დამატებას სხვა ინგლისური კლუბებიც ცდილობდნენ, საიდანაც ყველაზე მეტად ნიუკასლი აქტიურობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში მანჩესტერ სიტი ჩაერთო, გარიგება საკმაოდ მარტივად დაიხურა. "ქალაქელებმა" ე.წ. უკან დაბრუნების პუნქტი (buy back clause) გააქტიურეს და ინგლისელი მეკარის ტრანსფერი განახორციელეს.
ჯეიმს ტრაფორდი სწორედ მანჩესტერ სიტის აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 2023 წელს ბარნლიში გადაბარგდა. ინგლისელმა ამ დროში 73 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარი მშრალად კი 31-ჯერ შეინახა. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, მანჩესტერ სიტი ჯეიმს ტრაფორდს მომდევნო კვირაში წარადგენს.
ამ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, მანჩესტერ სიტის ედერსონ მორაესი ან სტეფან ორტეგა დატოვებს.













