ტრანსფერი დაიხურა, კონი დე ვინტერი ჯენოადან კარიერას მილანში გააგრძელებს. რამდენიმე საათის წინ დაწყებული მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელი "როსონერიში" ითამაშებს. მილანი ახალგაზრდა ბელგიელი მცველის სანაცვლოდ დაახლოებით €20-23 მილიონს გადაიხდის.
მას შემდეგ, რაც მილანი მალიკ ჩაომ დატოვა, კლუბმა ახალი მცველის დამატება გადაწყვიტა. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ჯოვანი ლეონი და პიეტრო კომუცო, თუმცა სან სიროს ბინადრებმა არჩევანი კონი დე ვინტერზე შეაჩერეს. ბელგიელის ტრანსფერზე მუშაობდა მეორე მილანური კლუბი ინტერიც, თუმცა ტრანსფერის დახურვა მაინც მილანმა მოახერხა.
კონი დე ვინტერი ჯენოას ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 57 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. მილანი ამ ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებს და 1 სექტემბრამდე, მინიმუმ 2 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.













