რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — ლუკას შევალიე ლილიდან კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, ფრანგ მეკარეს პარიზში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. პსჟ 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €50-55 მილიონს გადაიხდის.
პსჟ, რომ ლუკას შევალიეს ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. იმის ფონზე, რომ პარიზული კლუბი და ჯანლუიჯი დონარუმა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებოდნენ, ლუიშ კამპუშმა ახალი მეკარის დამატება გადაწყვიტა, ლუკას შევალიე კი პსჟ-სთვის ყოველთვის #1 სამიზნე იყო.
ლუკას შევალიე ლილის აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის ღირსებას კი 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 127 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარი მშრალად კი 44-ჯერ შეინახა.













