რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები სიტყვიერი შეთანხმებით დასრულდა, ენდრიკი რეალ მადრიდიდან კარიერას ლიონში გააგრძელებს! 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ფრანგულ კლუბში 6-თვიანი მშრალი იჯარით გადაბარგდება. ენდრიკის ტრანსფერი ლიონში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დადასტურდება, იქამდე კი მხარეები გარიგების ყველა დეტალს შეათანხმებენ.
ენდრიკის იჯარით გაშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სათამაშო დროის გაზრდა მოითხოვა, რაზეც ჩაბი ალონსოსგან უარი მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ წინ მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება, ახალგაზრდა შემტევმა რეალის რამდენიმე თვით დატოვებაზე თანხმობა განაცხადა, რათა სეზონის ბოლომდე რაც შეიძლება ბევრი ითამაშოს და სამუნდიალო განაცხადში მოხვედრა მოახერხოს.
ლიონის გარდა საქმეში სხვა კლუბებიც იყვნენ, თუმცა არც ერთ მათგანს ენდრიკის მშრალი იჯარით დამატება არ სურდა, შესაბამისად, ფრანგებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი მარტივად დახურეს. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ბრაზილიელი ფორვარდი მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს ლიგა 1-ში გაატარებს.













