რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, საბოლოო შეთანხმებით ძალიან მალე დასრულდება — 28 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ალექსანდერ სორლოთი ატლეტიკო მადრიდში გადასვლასთანაა ახლოს! მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს კვირის ბოლომდე მოაგვარებენ, მადრიდულ კლუბში კი ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა, მომდევნო კვირაში სურთ.
მას შემდეგ, რაც არტემ დოვბიკმა ატლეტიკოს უარი განუცხადა, ჩოლო სიმეონეს გუნდი ძველ სამიზნეს მიუბრუნდა და როგორც ჩანს, "ლოს კოლცონეროსში" სორლოთის დამატება გადაწყდა. ფეხბურთელთან წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, ნორვეგიელს კარიერის გაგრძელება მეტროპოლიტანოზე სურს და იმედოვნებს, რომ გუნდები ტრანსფერზე მალე შეთანხმდებიან.
ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €38 მილიონი წერია, თუმცა მხარეები დიდი ალბათობოთ შედარებით დაბალ სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან. სორლოთს ვილიარეალში 2023/24 სეზონი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოუვიდა — 41 თამაში, 26 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემა, ახლა კი ფეხბურთელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება.
La Liga
სორლოთი ატლეტიკო მადრიდში: მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ















