რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — არდონ იაშარი ბრიუგედან კარიერას მილანში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 22 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მილანი ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით €39 მილიონს გადაიხდის.
მილანი, რომ არდონ იაშარით ინტერესდებოდა, ამის შესახებ დაახლოებით ორი თვის წინ გაცნობეთ. მას შემდეგ, რაც გუნდმა ლუკა მოდრიჩისა და სამუელე რიჩის ტრანსფერები დახურა, მასიმილიანო ალეგრიმ როგორც მინიმუმ კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება მოითხოვა. იმის მიუხედავად, რომ ბრიუგეს არდონ იაშარის გაყიდვა არ სურდა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში მილანი ჩაერთო. შვეიცარიელმა ბელგიურ კლუბს განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ იტალიურ კლუბში სურდა. საქმეში იყვნენ ნაპოლი, იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, დორტმუნდი, ლევერკუზენი, ჩელსი და სხვა ტოპ კლუბები, თუმცა არდონ იაშარს მილანის გარდა სხვა გუნდში გადასვლა არ სურდა.
არდონ იაშარი ლუცერნის აკადემიის აღზრდილია, ბრიუგეში კი 2024 წლიდან თამაშობდა. ფეხბურთელმა 2024/25 სეზონში ჯამში 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. 22 წლის ფეხბურთელი შვეიცარიის ნაკრების შეუცვლელი წევრია.
მილანი ამ ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებს. სან სიროს ბინადრები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 2-3 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებენ.













