რამდენიმე დღის წინ დაწყებული მოლაპარაკებები წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებით დასრულდა, ნიკლას ფიულკრუგი ვესტ ჰემიდან კარიერას მილანში გააგრძელებს! 32 წლის გერმანელ ფორვარდს იტალიაში მიმდინარე თვის ბოლოს ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ნიკლას ფიულკრუგი "როსონერის" 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, თუმცა იტალიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს დაახლოებით €13/15 მილიონად შეეძლება.
როგორც რამდენიმე დღის წინ დავწერეთ, მასიმილიანო ალეგრიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ ორი ახალი ფეხბურთელის დამატება მოითხოვა, საიდანაც ერთ-ერთი აუცილებლად ფორვარდი უნდა ყოფილიყო. ამ პოზიციაზე განიხილებოდნენ სხვა მოთამაშეებიც, თუმცა მილანში ნიკლას ფიულკრუგის კანდიდატურა ყოველთვის მოსწონდათ, შესაბამისად, არჩევანიც მასზე შეჩერდა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ "როსონერი" გამოცდილი გერმანელი ფორვარდის დამატებას როგორც 2023 წელს, ისე 2024 წელსაც განიხილავდა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, მილანი ნიკლას ფიულკრუგის ტრანსფერს 2026 წლის 1 იანვარს დაადასტურებს, იქამდე კი კლუბები გარიგების ბოლო დეტალებს შეათანხმებენ და ყველა საჭირო დოკუმენტს გაცვლიან.













