რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ილია ზაბარნი ბორნმუთიდან კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც უკრაინელი ფეხბურთელი პარიზში გაემგზავრება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. პსჟ 22 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ დაახლოებით €65-70 მილიონს გადაიხდის.
პარიზული კლუბი უკრაინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე დაახლოებით ორი თვე მუშაობდა. ცენტრალური მცველის პოზიციაზე განიხილებოდა სხვა ვარიანტებიც, თუმცა ლუის ენრიკესთვის ილია ზაბარნი ყოველთვის #1 სამიზნე იყო. იმის მიუხედავად, რომ ბორნმუთს ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვა არ სურდა, პარიზული კლუბის მიერ შეთავაზებულ თანხაზე ინგლისელებმა უარი ფიზიკურად ვერ თქვეს.
ილია ზაბარნი ბორნმუთის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. უკრაინელმა ამ დროში 86 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.













