რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, რაიან შერკი ლიონის დასატოვებლად ემზადება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ფრანგი ფეხბურთელი კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს! ინგლისურ კლუბსა და შერკის შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ხოლო რაც შეეხება ლიონთან შეთანხმებას, ესეც დროის საკითხია. მანჩესტერ სიტი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
მანჩესტერ სიტი, რომ რაიან შერკით ინტერესდებოდა, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ. მას შემდეგ, რაც ფლორიან ვირცის ტრანსფერი ჩაიშალა, კლუბი თავიდან ბოლომდე ფრანგი "ათიანის" გარიგებაზე გადაერთო. პეპ გვარდიოლა 21 წლის ფეხბურთელს პირადად რამდენჯერმე ესაუბრა, რის შემდეგაც შერკიმ სიტიში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
რაიან შერკი ლიონის აკადემიის აღზრდილია, 2020 წლიდან მოყოლებული კი პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ამ დროში 185 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 29 გოლი და 45 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. 21 წლის ფეხბურთელს სიტიში უკვე ელოდებიან — როგორც ინგლისური გამოცემები იუწყებიან, მხარეები დაახლოებით €40 მილიონიან გარიგებაზე მუშაობენ.













