გავლენიანი ესპანური გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — 2026 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ენდრიკის გარშემო არსებული სიტუაცია თუ არ შეიცვლება, ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდი შუა სეზონში რეალ მადრიდს აუცილებლად დატოვებს.
19 წლის ფეხბურთელის სიტუაცია პირდაპირი მნიშვნელობით საგანგაშოა. ენდრიკმა ბოლოს გასული სეზონის მიწურულს, კერძოდ 18 მაისს, სევილიას წინააღმდეგ ითამაშა, მას შემდეგ კი რეალის მაისურით არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 155 დღე და 0 წუთი მოედანზე — ეს წესით და რიგით ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის მისაღები არ უნდა იყოს.
ჩაბი ალონსოს პოზიცია ნათელია, ესპანელი სხვა შემტევებს უფრო ენდობა და ის, რომ ენდრიკი სათამაშო დროს ვერ იღებს, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რამდენიმე ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, რეალის მთავარ მწვრთნელსა და ბრაზილიელ ფორვარდს შორის მინი კონფლიქტიც კი წარმოიშვა, თუმცა ამას სანდო წყაროები ბოლომდე არ ადასტურებენ.
ამასობაში, ენდრიკის მიმართ ევროპული გუნდები ინტერესს უკვე იჩენენ და უახლოეს კვირებში მოსალოდნელია, რომ ისინი უფრო მეტად გააქტიურდებიან. ახალგაზრდა ბრაზილიელ ფორვარდს მუნდიალზე თამაში თუ სურს, მას ზამთარში რეალ მადრიდის დატოვება აუცილებლად მოუწევს.













