ისმის კითხვა, რა მოხდება 2025 წლის ზაფხულში? სამივე მხარის პოზიცია ცნობილია და ამ სტატიაში ყველაფერს მოგიყვებით.
ოსიმენი — ფეხბურთელი როგორც უკვე ვთქვით, თურქეთში ბედნიერია და სეზონის ბოლომდე გალათასარაის დატოვებას არ განიხილავს. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა და კარიერის სხვაგან გაგრძელება, ნიგერიელის გეგმებში არ შედის. რაც შეეხება 2025 წელს, ფეხბურთელი უფრო დიდ გუნდში გადასვლას გეგმავს, ისეთში, რომელიც ტოპ 5 ლიგაში თამაშობს. მისი სურვილი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.
გალათასარაი — თურქულ გრანდში ოსიმენის პერფორმანსით ბედნიერები არიან და ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. როგორც ცნობილია, გალას წარმომადგენლები როგორც ფეხბურთელის აგენტთან, ისე ნაპოლისთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ზაფხულში ვიქტორის გამოსყიდვის შანსი, თითქმის 0%-ს უდრის. მიზეზი? ოსიმენს უფრო დიდ კლუბში თამაში სურს, ნაპოლი კი ფეხბურთელს საკმაოდ ძვირად აფასებს.
ნაპოლი — იმის მიუხედავად, რომ ოსიმენი ზაფხულში ნაპოლიში დაბრუნდება, მისი გუნდში დარჩენა არც კი განიხილება. აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურელის გაყიდვა სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. მხარეებს შორის კონფლიქტია და ნიგერიელის "პარტენოპეიში" დაბრუნება, ამ მოცემულობით შეუძლებელია. ამას ემატება, ფინანსური მხარეც, ოსიმენი ხელფასის სახით წელიწადში €10 მილიონს იღებს, რაც კლუბისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ნაპოლი ნიგერიელ ფორვარდს დაახლოებით €70-80 მილიონად აფასებს და კლუბში იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელს 2025 წლის ზაფხულში გაყიდიან. ოსიმენს იტალიურ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
ამ მომენტისთვის უცნობია საუდის არაბეთის კლუბების პოზიცია, თუმცა ალბათ ყველასთვის მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ისინიც გააქტიურდებიან და ოსიმენის გადაბირებას შეეცდებიან.













