რეალ მადრიდში ახალი სეზონისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყეს. ფლორენტინო პერესი მთავარი მწვრთნელის საკითხს ზაფხულში გადაწყვეტს, რაც შეეხება პოტენციურ ტრანსფერებს, კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, სამეფო კლუბი ზაფხულში მინიმუმ 3 ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.
კლუბი პირველ რიგში ორ ცენტრალურ მცველს დაიმატებს, საიდანაც ერთ-ერთი შეიძლება იბრაჰიმა კონატე იყოს, თუმცა რეალ მადრიდში ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელებსაც განიხილავენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მადრიდული გრანდის პოტენციურ სამიზნეებზეც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ნახევარმცველს, ფლორენტინო პერესის მიზანია კლუბმა 6-ნომრის პოზიციაზე ტოპ მოთამაშე დაიმატოს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი პარი სენ-ჟერმენის ნახევარდაცვის ლიდერი ვიტინიაა. დღევანდელი მოცემულობით, პორტუგალიელის დამატების შანსი თითქმის ნულს უტოლდება, რადგან 25 წლის ფეხბურთელი ლუის ენრიკესთვის ხელშეუხებელია, თუმცა სიტუაცია შეიძლება ზაფხულში შეიცვალოს, რადგან საქმე რეალ მადრიდთან გვაქვს.
6-ნომრის პოზიციაზე რეალ მადრიდში კეის სმიტის ვარიანტიც ძალიან მოსწონთ. სამეფო კლუბში 20 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელით ყველა აღფრთოვანებულია — ალკმაარი ახალგაზრდა ფეხბურთელს დაახლოებით €60-70 მილიონად აფასებს.
რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, 100% დაზუსტებულია, რომ ნიკო პასი და ენდრიკი ზაფხულში გუნდში დაბრუნდებიან და მომდევნო სეზონში რეალ მადრიდის შემადგენლობაში იქნებიან.













