პარი სენ-ჟერმენი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. ლუის ერნიკე და ლუიშ კამპუში შემადგენლობის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავენ, შესაბამისად, პარიზულ კლუბს წინ საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
როგორც რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ, პარი სენ-ჟერმენისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი დაცვის გაძლიერება იქნება. განიხილება კრისტიან მოსკერასა და ჟოელ ორდონეზის კანდიდატურები, თუმცა როგორც ახლა ირკვევა, პარიზული კლუბი ილია ზაბარნის დამატებასთანაა ძალიან ახლოს!
პსჟ და ბორნმუთი დაახლოებით €60-70 მილიონიან გარიგებაზე მუშაობენ. 22 წლის უკრაინელი მცველისთვის 5-წლიანი კონტრაქტი უკვე გამზადებულია. ილია ზაბარნის კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ პსჟ-ში სურს, შესაბამისად, კლუბები საბოლოო შეთანხმებას დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში მიაღწევენ. იმის მიუხედავად, რომ ბორნმუთს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, უკრაინელი მცველი ახალ სეზონს პარი სენ-ჟერმენში დაიწყებს.
პარიზული გრანდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და წესით და რიგით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 2-3 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.













