
ვიქტორ ოსიმენი
ნიგერიელი ფორვარდი ახლა იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს. იმის მიუხედავად, რომ თურქულ გრანდს ოსიმენის შენარჩუნება სურს, ამის შანსი თითქმის ნულს უტოლდება. თუ ბოლო მომენტში რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, 26 წლის ფორვარდი სეზონის ბოლოს, გალათასარაის აუცილებლად დატოვებს. ნაპოლიში დაბრუნება? დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს არ მოხდება. ამაზე გადაჭრით საუბარი ახლავე შეგვიძლია, რადგან სანამ აურელიო დე ლაურენტისსა და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა გაფუჭდებოდა, იქამდე იყო ვიქტორ ოსიმენთან დაპირისპირება, შესაბამისად ნიგერიელის უკან, "პარტენოპეიში" დაბრუნება არც კი განიხილება.
ვიქტორ ოსიმენს ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიური გუნდი ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ფიზიკურად ვერ მოითხოვს. მოსალოდნელია, რომ ზაფხულში ოსიმენის სატრანსფერო ფასი დაახლოებით €50-60 მილიონის ფარგლებში იქნება. ფეხბურთელის სიტუაციას პსჟ, პრემიერ ლიგისა და საუდის კლუბები ყურადღებით აკვირდებიან.

ვიქტორ გიოკერეში
სპორტინგის ფორვარდის დამატება საკმაოდ ბევრ გუნდს სურს — მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, ლივერპული, ბაიერნი, პსჟ და ჩელსი. ფეხბურთელის აგენტთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა, შვედი ფორვარდი სპორტინგის დასატოვებლად ემზადება. საინტერესოა როგორ გამოიყენებს მანჩესტერ იუნაიტედი რუბენ ამორიმის უპირატესობას. ზემოთ ხსენებული გრანდების გარდა, დიდი შანსია საქმეში სხვა კლუბებიც ჩაერთვნენ.
ფეხბურთელი სეზონის ბოლოს, რომ სპორტინგს დატოვებს, ამაში ყველა დარწმუნებულია. 26 წლის შვედი ახალი გამოწვევისთვის ემზადება. შეგახსენებთ, ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €100 მილიონი უწერია.

ჯონათან დევიდი
კანადელი ფორვარდის მიმართ ინტერესს ძალიან ბევრი კლუბი იჩენს, რადგან 25 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, შესაბამისად, მისი დამატება შედარებით მარტივი იქნება. კანადელი დადასტურებულად ლილთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, მის აგენტს კი ევროპული გუნდები უკვე დაუკავშირდნენ.
ბარსელონა, ატლეტიკო მადრიდი, ინტერი, იუვენტუსი, ბაიერნი, დორტმუნდი, არსენალი, ნიუკასლი და ტოტენჰემი — დიახ, ყველა ეს გუნდი დევიდით ინტერესდება. ზაფხულში დიდი აუქციონია მოსალოდნელი, სადაც წესით და რიგით ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც ფეხბურთელს და აგენტს უფრო უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს.

ბენჟამინ შეშკო
ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და 21 წლის გოლეადორი ლაიფციგიდან, ზაფხულში გუნდს აუცილებლად შეიცვლის. ფეხბურთელმა რამდენიმე თვის წინ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელები სლოვენიელი ფორვარდის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვენ.
2024 წლის ზაფხულში, როდესაც შეშკოს შესახებ ბევრი იწერებოდა, ლაიფციგის მოთხოვნა ყოველთვის €60 მილიონზე მეტი იყო, ახლა კი დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მისი ფასი უფრო გაზრდილია და €80 მილიონამდეც კი აღწევს. 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, შეშკოს თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

ალექსანდერ ისაკი
ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში ყველა აალაპარა. ედი ჰაუს გუნდი შვედი ფორვარდის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა ყველაფერი მაინც დიდწილად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეა დამოკიდებული. იმის მიუხედავად, რომ 25 წლის ფეხბურთელი გუნდში ყოფნით ძალიან ბედნიერია, სეზონის ბოლოს, ნიუკასლი ლიგის ზონაში თუ ვერ მოხვდება, დიდია იმის ალბათობა, რომ თავად ისაკმა მოითხოვოს გუნდის დატოვება.
ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად ნიუკასლი ფეხბურთელს საკმაოდ ძვირად, თითქმის €150 მილიონად აფასებს. შეიძლება ფეხბურთელმა გუნდიდან წასვლა მოითხოვოს, მაგრამ სენტ ჯეიმს პარკის ბინადრები შვედ გოლეადორს მარტივად არ შეელევიან.
არსენალი, ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და პსჟ — ხუთივე გუნდის ინტერესი რეალურია, თუმცა ამ მომენტისთვის მეტი არაფერი ხდება. ყველა სეზონის დასრულებას ელოდება, რა დროსაც ნიუკასლისა და ფეხბურთელის მომავალი გაირკვევა. ზემოთ ხსენებული გუნდები ახალ ფორვარდს ეძებენ და ალექსანდერ ისაკი მათთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.













