კატალონიური კლუბის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, ჰანსი ფლიკი და დეკუ თავისუფალი აგენტების დამატებას განიხილავენ. საუბარია 5 ფეხბურთელზე, რომლებსაც სეზონის ბოლოს კლუბებთან არსებული კონტრაქტები ეწურებათ და ამ დრომდე ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხემაბს ვერ ახერხებენ.

ჯონათან ტა - ლევერკუზენის კაპიტანი და უპირობო ლიდერი
დადასტურებულად — გერმანელი ცენტრალური მცველი სეზონის ბოლოს ლევერკუზენს დატოვებს, ამის შესახებ კლუბში იციან და მის გასაშვებად უკვე ემზადებიან. ჩაბი ალონსოს გუნდმა ყველაფერი გააკეთა 28 წლის ფეხბურთელის შესანარჩუნებლად, მაგრამ გერმანელი ახალ გამოწვევას ეძებს და ეს ახალი გამოწვევა დიდი შანსია ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში იყოს.
კატალონიური კლუბი, რომ ფეხბურთელის დამატებასთანაა ახლოს, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ უკვე გაცნობეთ. კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ფეხბურთელის აგენტთან შესახვედრად გერმანიაში დეკემბრის თვის დასაწყისში ჩაფრინდა, სადაც ჯონათან ტას ტრანსფერი, ფაქტობრივად, დახურა. მხარეები გარიგების ბოლო დეტალების შეთანხმებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ და თუ ბოლო მომენტში რაიმე განსაკუღთებული არ მოხდა, ფეხბურთელი ბარსელონას 2025 წლის 1 ივლისს შეუერთება.

ბაიერნის დიდი სამუელი - ალფონსო დევისი, იოზუა კიმიხი და ლეროი ზანე
სამივე ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბაიერნი მათ შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. ამ მომენტისთვის სამეულიდან გუნდში დარჩენის ყველაზე კარგი შანსი კიმიხს აქვს, ყველაზე დაბალი კი - ზანეს. რაც შეეხება ალფონსო დევისს, მის დამატებას კიდევ ერთი ესპანური გრანდი, რეალ მადრიდი ცდილობს, თანაც უკვე წლებია.
ბარსელონას ინტერესი ამ ფეხბურთელებისადმი რეალური და დადასტურებულია, თუმცა ვინაიდან ზაფხულამდე დიდი დროა, ამ მომენტისთვის რთულია იმაზე საუბარი, რამდენად მოახერხებენ კატალონიელები აღნიშნული ფეხბურთელების დამატებას.

ჯონათან დევიდი - ლილის კანადელი გოლეადორი
24 წლის ფორვარდი სეზონის ბოლოს ლილს აუცილებლად დატოვებს, ამის შესახებ როგორც ფეხბურთელის წარმომადგენელმა, ისე კლუბის უფროსობამაც ისაუბრა. საფრანგეთში გატარებული 5 წლის შემდეგ, ახალაგზრდა ფეხბურთელი ახალ გამოწვევას ეძებს, ბარსელონა კი საქმეშია. ინტერესი რეალურია, მეტიც, გუნდი ახალი ფორვარდის დამატებას აუცილებლად გეგმავს და კანადელი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.
დევიდის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ, კერძოდ ბაიერნი, ინტერი, იუვენტუსი და ა.შ. შესაბამისად, მისი გადმობირება მარტივი არ იქნება. ალბათ ყველას ის კლუბი აჯობებს, რომელიც ფეხბურთელს დიდ ხელფასს, ხოლო აგენტს სოლიდურ საკომისიოს შესთავაზებს.
ამ 5 ფეხბურთელის გარდა, დიდი შანსია, ბარსელონა სხვა თავისუფალი აგენტებითაც დაინტერესდეს. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, კატალონიური კლუბის პოტენციურ ტრანსფერებზე, უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.














