პარი სენ-ჟერმენში არსებული შემადგენლობის შენარჩუნებაზე ფიქრს აგრძელებენ. როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემები წერენ, პარიზულ გრანდში ახალ კონტრაქტებზე მუშაობენ და შემდეგი ფეხბურთელები, რომლებიც არსებულ ხელშეკრულებებს გაახანგრძლივებენ ფაბიან რუისი და ლუკას ბერალდო იქნებიან.
გამოცდილი ესპანელი ნახევარმცველი არსებულ ხელშეკრულებას 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, ხოლო რაც შეეხება ბრაზილიელ მცველს, მისი კონტრაქტი 2030 წლამდე გახანგრძლივდება. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი.
შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენი რამდენიმე თვის წინ ვილიან პაჩოსა და ჟოაუ ნევეშს ახალ კონტრაქტებზე უკვე შეუთანხმდა — როგორც ეკვადორელი ცენტრალური მცველი, ისე პორტუგალიელი ნახევარმცველიც არსებულ ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.
ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა, პარიზული კლუბი ძალიან მალე მოლაპარაკებებს ბრედლი ბარკოლასთან და სენი მაიულუსთანაც დაიწყებს. კლუბში ფიქრობენ, რომ ორივე მათგანი ახალ კონტრაქტს იმსახურებს, შესაბამისად, ლუიშ კამპუში იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ.













