პარი სენ-ჟერმენს ამ სეზონში ბევრი ლიდერი ჰყავს — მარკინიოსი, ვიტინია, დემბელე და ახლა უკვე კვარაცხელიაც, თუმცა ახლა ამ ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებთ, არამედ მოგიყვებით თუ რა სიტუაციაა ჯანლუიჯი დონარუმას თაობაზე, რომელიც ალბათ კარიერიას საუკეთესო სეზონს ატარებს.
იტალიელი ფეხბურთელი საოცარ ფორმაშია და პსჟ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მისი დიდი დამსახურებაცაა. არსენალთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დონარუმამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"კლუბთან არსებული კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. დავრჩები თუ არა პსჟ-ში? ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული. თუ მათ სურთ, რომ დავრჩე, ეს აუცილებლად მოხდება.
ჩვენ უბრალოდ ახალი კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ, მაგრამ ისევ იგივეს გავიმეორებ — ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული."
სიტუაცია უცვლელია — პსჟ და დონარუმა ახალ კონტრაქტზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. იტალიელ მეკარეს კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს, წელიწადში მისი ანაზღაურება კი €10 მილიონია. ფეხბურთელი ხელფასის შემცირებაზე თანახმა არაა, რაც კლუბისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
დონარუმას სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან იტალიური კლუბები — ინტერი, ნაპოლი და იუვენტუსი 26 წლის მეკარით სერიოზულად ინტერესდებიან და თუ ჯიჯიო პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ზემოხსენებული კლუბები ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ. მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ჯანლუიჯი დონარუმას თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













