პარი სენ-ჟერმენმა, რომ ამ სეზონში 4 ტიტულის მოგება მოახერხა, ეს ჯანლუიჯი დონარუმას ძალიან დიდი დამსახურებაცაა. იტალიელი მეკარე ალბათ კარიერის საუკეთესო ფორმაშია, შესაბამისად, მის გარშემო საუბრები არ წყდება.
როგორც რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, პარი სენ-ჟერმენი და ჯანლუიჯი დონარუმა ახალ კონტრაქტზე ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, სწორედ ამიტომ, 26 წლის კიპერის მიმართ ინტერესი ყოვედლღიურად იზრდება. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ნაპოლი, იუვენტუსი და ინტერი ჯანლუიჯი დონარუმათი ინტერესდებიან, თუმცა სულ რამდენიმე საათის წინ ამ სიას მანჩესტერ სიტიც მიემატა. პეპ გვარდიოლას გუნდი ედერსონ მორაესის პოტენციურ შემცვლელს ეძებს და როგორც ჩანს, იტალიელის მიმართ ინტერესი სერიოზულია.
ინტერთან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"დავრჩები თუ არა პსჟ-ში? ნამდვილად არ ვიცი, ამაზე პასუხი ახლა არ მაქვს. ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
ეროვნულ ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვანი თამაშები მელოდება და ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ."
ფრანგულ პრესაში როგორც იწერება, პსჟ-ში ჯანლუიჯი დონარუმას შენარჩუნება სურთ, თუმცა ფაქტია დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. შეგახსენებთ, იტალიელ მეკარეს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი წლიური ანაზღაურება კი €10 მილიონია.
უახლოეს კვირებში ჯანლუიჯი დონარუმას თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













