მანჩესტერ იუნაიტედში ჰარი მაგუაიერის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს — როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, "წითელი ეშმაკები" 32 წლის ინგლისელ ცენტრალურ მცველს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ! დიახ, კლუბში ფიქრობენ, რომ ჰარი მაგუაიერის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პირველ რიგში მისი გამოცდილებისა და ლიდერული თვისებების გამო. როგორც რუბენ ამორიმს, ისე კლუბის ხელმძღვანელობასაც სჯერა, რომ ინგლისელის გუნდში დატოვება სწორი სვლა იქნება.
იმის მიუხედავად, რომ ჰარი მაგუაიერი კლუბიდან წასვლასთან რამდენჯერმე იყო ახლოს, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დიდი შანსია მხარეებმა თანამშრომლობა გააგრძელონ. შეგახსენებთ, ინგლისელ ცენტრალურ მცველს მანჩესტერ იუნაიტედთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები კი ხელშეკრულების მინიმუმ 2 ან 3-წლით გახანგრძლივებაზე მუშაობენ.
ჰარი მაგუაიერი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს. ინგლისელმა ამ დროში 253 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ჰარი მაგუაიერმა "წითელ ეშმაკებთან" ერთად ორი ტიტულის მოგებაც მოახერხა.













