
სეზონის დასაწყისში, როდესაც ლივერპულმა ქართველი მეკარე გაიფორმა, თითქმის ყველა შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ 2025 წლის ზაფხულში, ალისონი გუნდს დატოვებდა, მის ადგილს კი მამარდაშვილი დაიკავებდა, თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ბრაზილიელ მეკარეს ლივერპულის დატოვება არ სურს, მისი პერფორმანსი კი არნე სლოტისთვის მისაღებია. 32 წლის მეკარე ძალიან კარგ ფორმაშია და დღეს, რომ ლივერპული საოცარ შედეგებზე გადის, მისი ძალიან დიდი დამსახურებაცაა. სამწუხაროდ ამ სეზონში იგივეს ვერ ვიტყოდით ქართველი მეკარის შესახებ, რომლის ვალენსიას ძალიან დიდი პრობლემები აქვს — მეტიც, დიდი შანსია "ღამურები" ლა ლიგა 2-შიც კი დაქვეითდნენ, მამარდაშვილის პერფორმანსს კი როგორც ადგილობრივი, ისე ინგლისური პრესაც საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს. თუმცა, ამის მიუხედავად, გიორგის სჯერა, რომ მომდევნო სეზონში ლივერპულის პირველი ნომრობა შეუძლია. ამ სურვილსა და მონდომებას, მერსისაიდელები დიდ პატივს სცემენ და სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 24 წლის მეკარის სჯერათ.
არნე სლოტს ქართველი მეკარე ძალიან მოსწონს და მისი სურვილია, ფეხბურთელი მომდევნო სეზონში მის განკარგულებაში იყოს. თუმცა ახლა ისმის კითხვა — ვინ იქნება პირველი ნომერი? დიახ, სწორედ აქ ხვდება ნიდერლანდელი სპეციალისტი ყველაზე დიდ თავის ტკივილს. ორივე მეკარეს პირველ ნომრობაზე აქვს პრეტენზია და არც ერთის გეგმაში არაა სკამზე დიდი დროის გატარება. დღევანდელი მოცემულობით, არც ალისონი აპირებს ლივერპულის დატოვებას და არც მამარდაშვილს სურს მომდევნო სეზონში სხვა გუნდში იჯარით თამაში. ორივე მეკარე ერთმანეთს დიდ პატივს სცემს, თუმცა ორივეს სურვილი პირველი ნომრობაა.

არნე სლოტის ზემოთ ხსენებულ თავის ტკივილს, ემატება დიდი რისკიც — შეცვალო ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ინგლისური ფეხბურთისთვის შედარებით გამოუცდელი და ახალგაზრდა კარის დარაჯით, ამას ბევრი უბრალოდ არ გააკეთებდა. არნე სლოტს კარგად ესმის თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის შეცვლა, რასაც ფანების მხარდაჭერაც ემატება. ლივერპულის გულშემატკირვების აზრით, ალისონი ჯერ კიდევ მაღალი დონის მეკარეა და მისი გაშვება ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
უახლოეს თვეებში, ლივერპულში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ალისონის გაყიდვა, მამარდაშვილის კიდევ ერთი იჯარა, ორივე ფეხბურთელის შენარჩუნება... მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს და არნე სლოტი, კლუბის უფროსობასთან ერთად, ძალიან მალე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

















