მას შემდეგ, რაც რუბენ ამორიმმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა, ბრიტანული პრესა 24/7-ზე მხოლოდ "წითელ ეშმაკებზე" წერს. განიხილება როგორც ახალი მწვრთნელის საკითხი, ისე პოტენციური ტრანსფერებიც, რადგან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე 6 დღეა, რაც გაიხსნა.
როგორც ჩანს რუბენ ამორიმის წასვლამ მანჩესტერ იუნაიტედის ორი ფეხბურთელი მომავალი თავიდან ბოლომდე შეცვალა — საუბარი რა თქმა უნდა კობი მეინუსა და ჯოშუა ზირკზეზეა. კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ხელმძღვანელობამ ორივე ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერი დაბლოკა და ისინი გუნდს იანვრის თვეში დიდი ალბათობით აღარ დატოვებენ.
შეგახსენებთ, კობი მეინუსა და რუბენ ამორიმს შორის სერიოზულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, რის გამოც 20 წლის ინგლისელი ნახევარმცველი გუნდიდან წასვლას განიხილავდა. მეტიც, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე ნაპოლი მუშაობდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და ეს გარიგება დიდი ალბათობით აღარ განხორციელდება.
რაც შეეხება ჯოშუა ზირკზეს, არც ნიდერლანდელი ფორვარდი შედიოდა პორტუგალიელი სპეციალისტის გეგმებში, სწორედ ამიტომ 24 წლის შემტევის ტრანსფერზე რომა მუშაობდა, თუმცა ახლა ყველანაირი მოლაპარაკებები შეჩერებულია. "ჯალორისიში" მაინც იმედოვნებენ, რომ სიტუაცია შეიცვლება და ისინი ფეხბურთელს მაინც დაიმატებენ, შესაბამისად, უახლოეს კვირებში შეიძლება ჯოშუა ზირკზეს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლეები იყოს.
მანჩესტერ იუნაიტედში ახალ მთავარ მწვრთნელს უკვე ეძებენ. განიხილება ძალიან ბევრი კანდიდატურა, შესაბამისად, უახლოეს დღეებში უფრო მეტი კონკრეტული ინფორმაცია გახდება ცნობილი.













