ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს, იტალიურმა გავლენიანმა გამოცემებმა სერია A-ს კლუბების ზაფხულის ტრანსფერები შეაფასეს. ყველაზე მეტი რა თქმა უნდა ჩემპიონ ნაპოლიზე დაიწერა, რადგან "პარტენოპეიმ" ყველაზე მეტი დახარჯა და საკმაოდ ბევრი ფეხბურთელიც დაიმატა.
პრესაში მთავარი სასაუბრო თემა რასმუს ჰოილუნი იყო, რომელზეც ყველა ერთი და იგივეს წერდა — "ასეთ დასაწყისს არავინ ელოდა". დიახ, დანიელმა ფორვარდმა როგორღაც მოახერხა და კარგი სათამაშო ფორმა დაიბრუნა, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს. 22 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 4 გოლით გამოიჩინა თავი. ამ ყველაფერს ემატება დანიის ეროვნულ ნაკრებში მიღწეული წარმატებაც — 2 მატჩი, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
როგორც იტალიაში წერენ, ნაპოლიში რასმუს ჰოილუნის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. "პარტენოპეი" 22 წლის ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედიდან აუცილებლად გამოისყიდის. საუბარია დაახლოებით €45 მილიონზე, რაც იტალიური კლუბისთვის სრულიად მისაღები თანხაა. იმის მიუხედავად, რომ მთელი სეზონი წინაა, ანტონიო კონტესა და აურელიო დე ლაურენტისს ახალგაზრდა ფორვარდის სჯერათ და მისი შენარჩუნება ორივე მათგანს სურს.













