ბაიერნში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს — გერმანულ პრესას თუ დავუჯერებთ, "რეკორდმაისტერს" საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენსან კომპანის გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს შეიძენს.
ერთ-ერთი პოზიცია, რომლის გაძლიერებაც ვენსან კომპანის სურს მარცხენა მცველია. იმის ფონზე, რომ ბაიერნს სეზონის ბოლოს რაფაელ გერეირო დატოვებს, ხოლო ალფონსო დევისი ტრავმებს ხშირად იღებს, ბელგიელი სპეციალისტი ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, რომელიც ამ პრობლემატურ პოზიციას შეავსებს. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა ბაიერნის #1 სამიზნე უკვე ცნობილია.
გავლენიანი გერმანული წყაროების ინფორმაციით, ბაიერნი ლევერკუზენის განაპირა მცველით, ალეხანდრო გრიმალდოთი სერიზულად ინტერესდება. "რეკორდმაისტერში" 30 წლის ესპანელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონთ და ასაკის მიუხედავად, კლუბი ზაფხულში მის შეძენას მაინც შეეცდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ალეხანდრო გრიმალდოს ლევერკუზენთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ზაფხულში მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით €25-30 მილიონი იქნება, რაც ბაიერნისთვის სრულიად მისაღები თანხაა. ვენსან კომპანის გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და იმედს იტოვებს, რომ კლუბი მის გაფორმებას შეძლებს.
ალეხანდრო გრიმალდოს მიმართ ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი სეზონის ბოლოს ლევერკუზენს დიდი ალბათბით დატოვებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ესპანელი განაპირა მცველის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













