ბაიერნში ლეროი ზანეს შემცვლელს უკვე ეძებენ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, გერმანელმა ვინგერმა "რეკორდმაისტერის" დატოვება და კარიერის გალათასარაიში გაგრძელება გადაწყვიტა. ტრანსფერი უკვე დაიხურა, 29 წლის ფეხბურთელს სტამბოლში ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ვენსან კომპანის მოთხოვნით, ბაიერნი ახალ ვინგერს 100% დაიმატებს. კლუბი რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. ამ მომენტისთვის განიხილება 3 მთავარი სამიზნე.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბრედლი ბარკოლა ბაიერნის #1 სამიზნეა! დიახ, ვენსან კომპანის ფრანგი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, კლუბი კი 22 წლის ვინგერის პოტენციურ ტრანსფერზე უკვე მუშაობს. პარი სენ-ჟერმენს ფრანგი ვინგერის გაყიდვა არ სურს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრედლი ბარკოლას სათამაშო დრო საგრძნობლად არის შემცირებული, დიდი შანსია თავად ფეხბურთელმა მოითხოვოს გუნდიდან წასვლა.
პსჟ ახალგაზრდა ფლანგის შემტევს დაახლოებით €70-80 მილიონად აფასებს. ამ მომენტისთვის კლუბებს შორის კონტაქტი არ შემდგარა, თუმცა უახლოს კვირებში მოსალოდნელია, რომ ბაიერნი ბრედლი ბარკოლას თაობაზე უფრო მეტად გააქტიურდება.
რაც შეეხება დარჩენილ ორ კანდიდატურას, სიაში რაფა ლეაოსა და ნიკო უილიამსს ვხვდებით. როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, ბაიერნში რაფა ლეაო ძალიან მოსწონთ, მეტიც, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს, თუმცა პორტუგალიელის დამატება მარტივი არ იქნება. მილანს 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, რასაც მისი სატრანსფერო ფასიც ემატება — "როსონერი" რაფა ლეაოს დაახლოებით €90-100 მილიონად აფასებს.
და ბოლოს, ნიკო უილიამსი, ფეხბურთელი, რომლის დამატებაც ყველაზე იაფი დაუჯდება გერმანულ გრანდს. 22 წლის ვინგერის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €60 მილიონი წერია, რაც ბაიერნისთვის სრულიად მისაღები თანხაა. მხარეებს შორის ახალი კონტაქტი მიმდინარე კვირას შედგა, სადაც ფეხბურთელმა ბაიერნში თამაშის სურვილი გამოხატა. ამ მომენტისთვის კლუბებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა დიდი შანსია "რეკორდმაისტერისთვის" ნიკო უილიამსი ძალიან მალე მთავარი სამიზნე გახდეს.
ბაიერნის პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.













