ცნობილია იმ 5 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ბარსელონა ყურადღებით აკვირდება:
ხვიჩა კვარაცხელია;
რაფაელ ლეაო;
ნიკო უილიამსი;
კარიმ ადეიემი;
ლეროი სანე.
ამ სიიდან პირველი სამეული გამოკვეთილია და შეგვიძლია იმის თქმა, რომ კვარაცხელია, ლეაო და უილიამსი მთავარი სამიზნეები არიან. გუნდის სპორტული დირექტორი დეკუ, ქართველი ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ნაპოლი და 23 წლის ვინგერი ახალ ხელშეკრულებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან და თუ სიტუაცია სეზონის ბოლომდე არ შეიცვლება, "პარტენოპეი" დიდი ალბათობით ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდება. კვარაცხელიას ფასი მინიმუმ €100 მილიონია.
რაფა ლეაოს მიმართ ინტერესს ბარსელონა უკვე დიდი ხანია რაც იჩენს, თუმცა მილანს პორტუგალიელის გაყიდვა არ სურს და არც 25 წლის შემტევი განიხილავს ამ მომენტისთვის იტალიის დატოვებას. სიტუაცია შეიძლება სეზონის ბოლოს შეიცვალოს, რადგან რაფა "როსონერის" ღირსებას უკვე 5 წელია რაც იცავს და არის შანსი, ახალ გამოწვევაზე თანხმობა განაცხადოს. ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €175 მილიონი წერია, თუმცა მისი ყიდვა ბევრად ნაკლებ თანხად იქნება შესაძლებელი.
ნიკო უილიამსი, გუნდის ძველი სამიზნე, რომელმაც კატალონიურ კლუბს, ტრანსფერზე უარი 2024 წლის ზაფხულში უთხრა. ბარსა ესპანელის გამოსასყიდ თანხას იხდიდა, თუმცა ახალგაზრდა შემტევმა ატლეტიკ ბილბაოში დარჩენა, კიდევ ერთი წლით გადაწყვიტა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფლიკის გუნდის ინტერესი კვლავ რეალურია და დიდია იმის ალბათობა, რომ 2025 წლის ზაფხულში, კატალონიელები ნიკოს მიუბრუნდნენ. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა €58 მილიონი კვლავ მოქმედებს.
და ბოლოს, გერმანული დესანტი, კარიმ ადეიემი და ლეროი სანე — ეს უკანასკნელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მის დამატებას ბევრი ტოპ კლუბი შეეცდება. სანეს მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი უკვე იჩენენ, თუმცა საქმეშია ჰანსი ფლიკიც, რომელსაც გერმანელ ვინგერთან მუშაობის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ადეიემის, ფეხბურთელი ზაფხულში ახლოს იყო დორტმუნდის დატოვებასთან და იუვენტუსში გადასვლასთან, თუმცა მისი ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. დორტმუნდი ფეხბურთელს დაახლოებით €50 მილიონად აფასებს და თუ რომელიმე გუნდი ამ თანხას გადაიხდის, შავ-ყვითლები გერმანელ შემტევს მარტივად შეელევიან. ბარსას ინტერესი რეალურია და კარიმის კანდიდატურა სერიოზულად განიხილება.













