ბასკების ლიდერის ტრანსფერის გადადების შემდეგ, "ბლაუგრანამ" დაიბრუნა დანი ოლმო, თუმცა ის ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი უფრო არის, ვიდრე ვინგერი. მიმდინარე ზაფხულს "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ჭორის დონეზე დაუკავშირეს სხვა არაერთი შემტევი, ვარიანტებს შორის იყო ლუის დიასი და ხვიჩა კვარაცხელიაც კი.
აღნიშნული ვარიანტები მალევე გამოირიცხა - როგორც ლივერპულისთვის, ისე ნაპოლისთვისაც, კოლუმბიელი და ქართველი გარემარბები ხელშეუხებლები არიან. ბოლო ინფორმაციით კი კამპ ნოუს ბინადრების რადარზე ამ დროისთვის ტრიალებს კიდევ ორი ვინგერი: ფედე კიეზა და რაფა ლეაო. განვიხილოთ, თუ რამდენად რეალურია იტალიელი და პორტუგალიელი ფლანგელების ჰანსი ფლიკის გუნდში გადასვლა.
მილანის გარემარბის ტრანსფერი ჯერჯერობით ჩანს ისეთივე არარეალური ვარიანტი, როგორიც მერსისაიდელების ან "პარტენოპეის" შემტევების გაფორმება. "როსონერისთვის" თავისი 10-იანი არის ხელშეუხებელი, მისი სატრანსფერო ფასი კი 175 მილიონია. ერთი სიტყვით, ბარსას უწევს გადართვა ახალ ვარიანტზე და ამ შემთხვევაში ალტერნატივა იტალიელი ვინგერი არის.
ტურინის იუვენტუსის გარემარბი არ არის ხელშეუხებელი, მეტიც, ის საერთოდ არ ჯდება კლუბის გეგმებში და განაცხადიდანაც კი ამოღებულია. მისი სატრანსფერო ფასი კი სულ რაღაც 15-20 მილიონია. როგორც ვხედავთ, "ბებერი ქალბატონის" 7-იანის სახით, კატალონიელები იღებენ იგივე კვარაზე, ლეაოსა და უილიამსზე ბევრად უფრო იაფ, მაგრამ ხარისხიან ალტერნატივას.
ცოტა ხნის წინ, 26 წლის გარემარბის აგენტმა, ფადი რამადანიმ განაცხადა, რომ მისი აგენტი არ არის "ბლაუგრანაში" გადასვლის წინააღმდეგი და ორივე მათგანი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ყველაფერი დამოკიდებულია "ლურჯ-ბროწეულისფრებზე", რომლებისთვისაც შეტევის მარცხენა ფლანგი მართლაც სუსტი წერტილია.















