მაისის თვეში დაწყებული მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — ალვარო კარერასი ბენფიკადან კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს! იმის მიუხედავად, რომ პორტუგალიური კლუბი 22 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებას ბოლომდე ცდილობდა, ფლორენტინო პერესმა ჩაბი ალონსოს მოთხოვნა მაინც დააკმაყოფილა და ტრანსფერიც დაიხურა.
მხარეები კვირის ბოლომდე გარიგების ბოლო დეტალებს მოაგვარებენ, რის შემდეგაც ესპანელი მარცხენა მცველი ესპანეთში გაემგზავრება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ალვარო კარერასს რეალ მადრიდის აკადემია აქვს გამოვლილი, საიდანაც 2020 წელს მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგდა. რამდენიმე იჯარის შემდეგ, ესპანელი მცველი ბენფიკაში აღმოჩნდა, სადაც კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მისი კარგი თამაში კი რეალ მადრიდში არავის გამორჩენია, შესაბამისად, მისი უკან დაბრუნება გადაწყდა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, ალვარო კარერასი რეალ მადრიდისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მეოთხე შენაძენი გახდება.













