ლონდონურ კლუბს ჯორჯე პეტროვიჩის გაყიდვა სურს, მის სანაცვლოდ კი გუნდი ახალ მეკარეს დაიმატებს. დადასტურებული ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი ლონდონური გუნდის სატრანსფერო სიაში იყო, თუმცა არსებობს 3 ფაქტორი, რომლის ფონზეც, 23 წლის კიპერის სტემფორდ ბრიჯზე ტრანსფერი, ამ ეტაპისთვის გამორიცხულია:
1. გიორგის ისეთ გუნდში სურს გადასვლა, სადაც პირველი ნომერი იქნება. ამის შესახებ, ქართველმა ფეხბურთელმა ევრო 2024-ის მიმდინარეობისას ისაუბრა - ჩელსი კი როტაციის მეკარეს ეძებს;
2. ჩელსი დაიმატებს ისეთ მეკარეს, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს და შეუძლია გუნდის შეტევები დაიწყოს. ლონდონურ გუნდში ფიქრობენ, რომ მამარდაშვილი ტოპ მეკარეა, თუმცა ამ კომპონენტში საკმაოდ სუსტია;
3. სატრანსფერო ფასი — გიორგის ფასი ევრო 2024-ის შემდეგ, €45 მილიონი გახდა (Transfermarkt.com-ის მიხედვით) და ვალენსიაც დაახლოებით ამ თანხას ითხოვს ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ. ამ მომენტისთვის, ჩელსი მეკარეში ამხელა თანხის გადახდას არ გეგმავს, რადგან მათთვის პრიორიტეტული სხვა პოზიციების გაძლიერეება;
ჩელსი - მამარდაშვილის თაობაზე, ამ მომენტისთვის ეს სიტუაციაა. გიორგი ვალენსიას პრესეზონს ივლისის ბოლოს შეუერთდება. ამ დრომდე, ესპანურ კლუბს ქართველის სანაცვლოდ, ახალი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა უახლოეს კვირებში, ქართველი ფეხბურთელის გარშემო, სიახლეებს ველოდებით.















