ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, ადგილობრივი ნერვიონის აღზრდილია, საიდანაც 2021 წელს გრანადაში გადაბარგდა. აქედან ზუსტად ორ წელიწადში კი სამუ ატლეტიკო მადრიდში აღმოჩნდა. 2023 წელს €6 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდა, ამავე სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელი იჯარის წესით ალავესში გაუშვა, სადაც საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა: 35 მატჩი, 8 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
ომოროდიონს ატლეტიკოში დაბრუნება და მეტროპოლიტანოზე თამაშის სურვილი ყოველთვის ჰქონდა, თუმცა ჩელსი იმდენად დიდ თანხას იხდის, "კოლჩონეროსი" ფეხბურთელის გაყიდვაზე მარტივად დათანხმდა. მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ, რაც დომინოს ეფექტს გამოიწვევს: ხულიან ალვარესი და კონორ გალაგერი ამ გარიგების შემდეგ, ატლეტიკო მადრიდში აღმოჩნდებიან.
20 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე ასპარეზობს. სანტი დენიას გუნდი სულ რამდენიმე საათის წინ ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.















