შეთანხმება შედგა, ჩავი სიმონსი ლაიფციგიდან კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 22 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ტოტენჰემი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €60-65 მილიონს გადაიხდის.
იმის მიუხედავად, რომ ჩავი სიმონსის ტრანსფერზე ჩელსი მუშაობდა, ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზება არ გააკეთა, რითაც ტოტენჰემმა ისარგებლა და გარიგება დახურა. მას შემდეგ, რაც სავინიოს ტრანსფერი გამოირიცხა, ტომას ფრანკის გუნდი გეგმა B-ზე გადაერთო, არჩევანი კი ჩავი სიმონსზე შეჩერდა.
ჩავი სიმონსი ლაიფციგის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ნიდერლანდელმა ამ დროში 78 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 22 გოლი და 24 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













